ისრაელი გოლანის მაღლობებზე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პატივსაცემად დასახლებას ააშენებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, შესაბამისი ადგილი უკვე ამორჩეულია.

დასახლების აშენებით ისრაელის ხელისუფლებას სურს დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადოს, რადგან მან გოლანის მაღლობები ისრაელის ნაწილად აღიარა.

ისრაელმა სირიის ტერიტორიაში შემავალი გოლანის მაღლობები 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა. მას, დაახლოებით, ტერიტორიის 2/3 აქვს დაკავებული, დანარჩენი სირიის კონტროლის ქვეშაა.

საერთაშორისო დონეზე მაღლობების ოკუპაცია აღიარებული არაა და სირია სრული კონტროლის აღდგენას მოითხოვს. დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად მიმდინარე წლის მარტში აღიარა.

1981 წელს ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გოლანის მაღლობებზე თავის იურისდიქციის გავრცელებას ითვალისწინებდა. გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელის იურისდიქციას არ აღიარებს, ხოლო გენერალურმა ასამბლეამ გოლანის დაკავებას ანექსია უწოდა.

2017 წელს დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და ამერიკის საელჩო იქ გადაიტანა. აშშ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც იერუსალიმზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.