ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ერთი წლის თავზე 12 მაისის მოვლენებზე ნათელი და დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ არის გაცემული. მათივე თქმით, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი EMC-ის მიერ პროკურატურაში შეტანილი ყველა განცხადება, რომელიც სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებისა და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეებს ეხებოდა.

"რაც მთავარია, მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის ცალსახა პოლიტიკური დაპირებისა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი "უახლოეს დღეებში" გადაწყდებოდა, სწორედ 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ეს საკითხი საბოლოოდ მოიხსნა პოლიტიკური და საკანონმდებლო დღის წესრიგიდან", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაკავებული პირების რაოდენობითა და ოპერაციაში ჩართული სამართალდამცავების გათვალისწინებით, ბოლო წლების ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია აღმოჩნდა, რომელსაც შედეგად ათეულობით მოქალაქის დაკავება, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა და ფართო საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა.

12 მაისის კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია დაიწყო, რა დროსაც სამართალდამცავებმა ორგანოებმა სტუმრებს კლუბების დატოვება მოსთხოვეს. საპოლიციო ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ნარკორეალიზების ბრალდებით სხვადასხვა ლოკაციაზე რვა პირი დააკავეს. ორგანიზაციაში საეჭვოდ მიაჩნიათ რატომ დაამთხვია ეს ორი ღონისძიება ერთმანეთს.

"ერთი წლის წინ საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა სწორედ იმ დროს, როდესაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი უკიდურესად პოლიტიზირებული და დამძიმებული იყო. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ორგანიზებული და შეთანხმებული კამპანია მიმდინარეობდა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებდნენ არსებითად მცდარ ინფორმაციას რეფორმის მიზნებსა და შინაარსზე, ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირებისა და დაღუპვის შემთხვევებს კი საზოგადოების დამატებითი პოლარიზაციისთვის იყენებდნენ", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ის თქმით, 12 მაისიდან დღემდე ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე არ ჩატარებულა არცერთი შეხვედრა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთი წელია არ დაუნიშნავს საკომიტეტო მოსმენა ინიცირებულ კანონპროექტზე.