დღეს, 12 მაისს სამმაგად უქმე დღეა. გარდა იმისა, რომ 12 მაისი კვირას დაემთხვა, ეს დღე უქმეა ორი დღესასწაულის გამო — ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას საქართველოს პარლამენტმა მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირა. ამავე დროს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღის გამო 12 მაისი უკვე იყო უქმე დღე.

საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 893 940 ლარი გამოყო, აქედან 696 600 ლარი სხვადასხვა ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს — საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წილხვდომილობასთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეებია დაგეგმილი.

ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვაზე, დიზაინის მომსახურების შესყიდვასა და დარიგებაზე 48 400 ლარი დაიხარჯება.