სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, ხოლო მის მეორე შვილს ეძებენ.

საქმე ეხება 3 მაისს მომხდარ ფაქტს, როდესაც შსს-ს მტკიცებით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. უწყების ცნობით, გამოძიების მსვლელობაში დადგინდა, რომ ადგილზე ორი სხვადასხვა იარაღით გაისროლეს, ამ გარემოებამ კი გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა. უწყების ინფორმაციით, ოჯახის წევრები ჩვენებებში ამბობენ, რომ დაკავებულის მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

3 მაისს პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა ომარ გამყრელიძე. უწყების მტკიცებით, მასზე მეზობლები აცხადებდნენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ცოლსა და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.