შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი, რომელსაც ბრალი ედება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაში.

შსს-ს მტკიცებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: მცირეკალიბრიანი შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის განკუთვნილი 19 საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის 2 მჭიდი და 33 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი და 160 საბრძოლო ვაზნა. უწყების ცნობითვე, პოლიციამ დაკავებულის სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში "მის მიერ მოპარული" მსხვილფეხა პირუტყვი აღმოაჩინა.

გამოძიება ქურდობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.