"გამოძიებაზე იბარებენ ერთ ამბავს ტეხავთ და რომ დაიჭირონ, რა ამბავს ატეხავთ ხომ წარმომიდგენია", — ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ აკავებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორისტული აქტის ორგანიზებაზე აქვს ეჭვი. ამის შესახებ დეპუტატმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

დეპუტატი ამტკიცებდა, რომ თუ ჟურნალისტები კითხულობენ რატომ არ აკავებს უწყება მაჩალიკაშვილს ესე იგი მოთხოვნა აქვთ, რომელსაც არ აჟღრებენ. "დაჭერას ითხოვთ", — იმეორებდა ის.

მას შემდეგ, რაც დეპუტატს განუმარტეს, რომ ისინი კითხვას სვამენ და არ ითხოვენ მაჩალიკაშვილის დაჭერას, ქუცნაშვილმა უპასუხა: "ნუ ჭრით და ნუ კერავთ".

ფარული ჩანაწერი სავარაუდო ტერაქტზე

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.

"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა?" — აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.