მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. მას 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში კითხავდნენ მოწმის სტატუსით.

მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. მისი თქმით, სუს-ის გავრცელებული აუდიოჩანაწერის თარგმანში იყო უზუსტობები რის შესახებაც გამოკითხვისას განაცხადა.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ჰქონდა მოლოდინი, რომ დააკავებდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა გამოკითხვა მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მისი თქმით, გამოკითხვისას სუს-მა დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა.

"სხვა მტკიცებულებებს რაც შეეხება, ეს არის პირების გადაადგილების მარშრუტები, რაც ჯერ ვერ გვაძლევს ვერანაირ მნიშვნელობას, ეს ერთობლიობა არის თუ არა კონკრეტული დანაშაული", — განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალის წარდგენის და მაჩალიკაშვილის დაკავების ალბათობას, კუბლაშვილის თქმით, შემდგომი ეტაპი გამოძიების გადასაწყვეტია და თუ იქნება საკმარისი მტკიცებულებები მას ბრალს წარუდგენენ. მისი თქმით, ჯერ მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების შეგროვება.

მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თაობაზე კითხავდნენ.

ფარული ჩანაწერი სავარაუდო ტერაქტზე

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.

"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა?" — განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე: