ქართული ოცნების დეპუტატი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ის დამოკიდებულება და კრიტიკა, რაც 12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადებამ გამოიწვია. ამის შესახებ მან დღეს, 10 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

"საქართველოს აქვს 17 საუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობის, შეგვიძლია ქრისტიანულ სამყაროში, განსაკუთრებით ქრისტიანობის აღმოსავლეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად პოზიციონირება. მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ასევე საქართველოს ცნობადობას, როგორც ქრისტიანული კულტურის".

8 მაისს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა და ის ოფიციალურად დასვენების დღედ ისედაც არის გამოცხადებული, კანონში ეს დღესასწაული მაინც აისახება.

წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა.