ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოს პრემიერმინისტრს ნიუ-იორკში, დღეს, 22 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია.

დონალდ ტუსკმა და ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი 7 ივლისს დაუჭირა.

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სავარაუდოდ 14 სექტემბერს მიიღებენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა საბჭო გამართავს შეხვედრას, 13-14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში.