პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა თავის ოფისში საროსკიპო დემონტრაციულად გახსნა. ამით პარტიამ გააპროტესტა ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სექსმუშაკებისა და პროსტიტუციის მისამართით ახორციელებს.

პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჰერმან საბომ წითელი ლენტი გაჭრა და ჟურნალისტებს პროსტიტუციისთვის სპეციალურად გამზადებულ ოთახში შეუძღვა.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

საროსკიპოს პიონერი ჰქვია. "ყოველთვის მზად არის", — ასე განმარტავს ჰერმან საბო სახელის შერჩევის მოტივს.

ოთახი წითელ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. კედელზე სიმბოლურად საბჭოთა კავშირის დროშაა გაკრული. მის გვერდით კი სხვადასხვა სახის სექსსათამაშოები კიდია.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

მეტი რომანტიკისთვის ოთახში სანთლები დევს, თავდაცვისთვის — აიისას წარმოებული პრეზერვატივები, სიამოვნებისთვის კი დილდოები და ვიბრატორები.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ჰერმან საბოს განმარტებით, ოთახის ერთი საათით დაქირავების საფასური 49 ლარი და 90 თეთრია. ოთახის დაქირავება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

გირჩის ეს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევაა და პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა სამიდან ექვს წლამდე.

საროსკიპოს გახსნით გირჩმა გააპროტესტა რამდენიმე დღის წინ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ფართის გადაცემისთვის როენა ხუცურაულის იგივე "მამიდისა" და კიდევ ორი პირის დაკავება. ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ეს ქმედება დანაშაულია შსს-მ გირჩის ყველა წევრი უნდა დააკავონ და თუ ასე არ მოიქცევიან ეს ნიშნავს, რომ სამართალი შერჩევითია. On.ge ამ საკითხზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

გირჩმა სექსმუშაკების უფლებების დასაცავად პროსტიტუციის ლეგალიზაცია 2017 წლის 24 ივლისსაც მოითხოვა. მაშინ პარტიაში აცხადებდნენ, რომ ლეგალიზაცია არის საუკეთესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისთვის. მათივე განმარტებით, დაცული იქნება სექსის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.