16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

აღწერაში ვკითხულობთ: "მერაბი ქართული ცეკვის ეროვნულ ანსამბლში მოსახვედრად მეწყვილესთან, მარისთან ერთად უკვე წლებია, ემზადება. მისი სამყარო მოულოდნელად იცვლება, როცა საცეკვაო დარბაზში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი ჩნდება, რომელიც მისი მთავარი მეტოქე / სურვილის ობიექტი ხდება. არსებულ კონსერვატიულ გარემოში მერაბს რისკზე წასვლა უწევს".

"ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს. სიუჟეტი რეალური ადამიანების ცხოვრებამ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა განსაზღვრა", - წერს აკინი რეჟისორის სიტყვაში, - "ამბავი მუდმივად ვითარდება. ფილმი ახლო კუთხით აჩვენებს ახალგაზრდა ლგბტ+ ადამიანების ცხოვრებას, უფრო ფართო მასშტაბით კი - საქართველოს ისტორიასა და ამჟამინდელ მდგომარეობას. ეს არა მხოლოდ იმ სამყაროს საინტერესო ხედვაა, რომელსაც ბევრი ადამიანი არ იცნობს, არამედ ემოციური ფილმი თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ".

ქართველ მოცეკვავეებთან ინტერვიუების შედეგად აკინმა შეამჩნია, რომ გენდერისა და ორიენტაციის საკითხები საქართველოს კონსერვატიულ რელიგიურ კულტურაში კონფლიქტის საფუძველს ქმნის.

"როცა ვნახე, 2013 წელს როგორ შეეტაკნენ მამაც ქვიარ ახალგაზრდებს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართული ბანდები, მივხვდი, რომ ამ თემაზე აუცილებლად უნდა მემუშავა", — აცხადებს აკინი.

ფოტო: Anka Gujabidze

ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

And Then We Danced ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა.