აჰმედ რამანი ავღანელი ბავშვია, რომელმაც ცალი ფეხი წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა, როცა ლოგარის პროვინციაში ცხოვრობდა.

ბიჭი რვა თვის იყო, როდესაც ის და მისი და, სალიმა მათი სოფლის ტერიტორიაზე ავღანეთის სახელმწიფო ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის საბრძოლო შეტაკების მომენტში მძიმედ დაშავდნენ — სამწუხაროდ, აჰმედის ფეხის ამპუტირება გარდაუვალი აღმოჩნდა.

ასეთი ისტორია უამრავია, თუმცა ვიდეო, რომელშიც ფეხის პროთეზით გახარებული ბავშვი ცეკვავს, წამით მაინც აგივსებთ გულს სიხარულით.

ვიდეო წითელი ჯვრის საერთაშორისო ასოციაციის კლინიკაში, ქაბულშია გადაღებული და მისი ავტორი ფიზიოთერაპევტი მულკარა რაჰიმია. მხოლოდ ტვიტერზე ეს კადრები 1.5 მილიონზე მეტჯერ ნახეს.

წითელი ჯვრის კლინიკაში რეგისტრირებული 178 000-ზე მეტი პაციენტიდან 46 100-ს კიდურის ამპუტაცია აქვს გამოვლილი.

ორმოცწლიანი საბრძოლო შეტაკებების შედეგად ავღანეთში მცხოვრები მილიონზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ცენტრის დირექტორის, ალბერტო კაიროს თქმით, ვიდეომ მსოფლიოს ავღანეთის კონფლიქტის სხვა მხარე დაანახა და ქაბულში არსებულ კლინიკას საერთაშორისო ყურადღება მოუტანა.