შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციასა და კონტრაქციაზე სულ 5 პირი დააკავეს და ერთი გააფრთხილეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ხუთივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიცისადმი დაუმორჩილებლობის, კონტრაქციის 4 მონაწილე კი, ასევე, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. მათ შორისაა აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი.

პირი, რომელიც შსს-მს გააფრთხილა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თეიმურაზ ფიფიაა. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყებების წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად მან საბჭოთა სიმბოლიკა გამოიყენა, რის გამოც ტერიტორიიდან გაიყვანეს.

უწყების განცხადებით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია. მათი თქმით, გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. მათივე თქმით, საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში.