დენვერი აშშ-ის პირველი ქალაქია, სადაც ჰალუცინოგენური სოკოების დეკრიმინალიზაცია მოხდება.

ინიციატივას მხარი ამომრჩეველთა 50.6%-მა დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვა კვლავაც არალეგალური იქნება, პოლიციელები დენვერის მაცხოვრებლებს სოკოების ფლობისა და პირადი მოხმარებისთვის აღარ დასჯიან. გადაწყვეტილება 16 მაისიდან ამოქმედდება.

რას წარმოადგენს ე.წ. ჯადოსნური სოკოები?

ფსიქოდელიური სოკოები სოკოების კატეგორიაა, რომელიც ნივთიერება ფსილოციბინს შეიცავს. დასავლურმა სამყარომ მათი რეკრეაციული მიზნით გამოყენება 1950-იან წლებში დაიწყო, თუმცა კაცობრიობა ჰალუცინაციის გამომწვევ სოკოებს რიტუალებში საუკუნეების წინ იყენებდა.

აშშ ფსილოციბინს ლსდ-სთან ერთად მაღალი რისკის ჯგუფში განიხილავს, თუმცა დიდ ბრიტანეთში მისი რეკლასიფიკაცია შედარებით უსაფრთხო ნარკოტიკად 2005 წელს მოხდა.

ჰალუცინოგენური სოკოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არალეგალურია, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი სამედიცინო კვლევა აჩვენებს, რომ ფსილოციბინი შესაძლოა შფოთვასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეფექტური იყოს.

მაგალითად, 2017 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული დეპრესიის მქონე პაციენტების 47%-მა ფსილოციბინის მიღებიდან 5 კვირაში გაუმჯობესება იგრძნო.

მომხრეები და მოწინააღმდეგეები

ინიციატივის მომხრეების თქმით, ე.წ. ჯადოსნური სოკოები უსაფრთხოა და შეჩვევას არ იწვევს. მათ შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეთ თავის ქრონიკულ ტკივილზე, პოსტტრავმატულ სტრესზე, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაზე და ასე შემდეგ.

მოწინააღმდეგეები კი ღელავენ, რომ დეკრიმინალიზაცია მოხმარებას გაზრდის. მათი თქმით, დენვერს "ნარკოტიკებისადმი მეგობრული" ქალაქის სახელი უყალიბდება. კრიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ფსილოციბინს რისკები მაინც ახლავს: მაგალითად, არსებობს ტრავმებისა და ფსიქოლოგიური ზიანის რისკი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ფსიქიკური დაავადებისადმი მიდრეკილება აქვთ.

დასკვნების გამოსატანად უნდა დავაკვირდეთ პორტუგალიას: მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოხდა, ზედოზირებით სიკვდილის შემთხვევები და ნარკოტიკების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა გაიზარდა თინეიჯერებში ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები.

პორტუგალიამ დეკრიმინალიზაციასთან ერთად ზიანის შემცირებისა და მკურნალობის სერვისები განავითარა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ეფექტიანობა ჯერ კიდევ უნდა შეფასდეს, შესაძლოა, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობამ იმდენ ადამიანს ათქმევინა უარი მძიმე ნივთიერებებზე, რომ ნარკოტიკების მოხმარების ზოგადი ზრდის მიუხედავად, ტენდენცია მაინც დადებითი დარჩა.

დენვერი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელმაც კანაფის დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა (2005 წელს), რასაც 2012 წელს შტატის მასშტაბით ლეგალიზაცია მოჰყვა.