მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში 10 მაისს მივა.

კუბლაშვილმა On.ge-ს განუმარტა, რომ დაკითხვის გადადების მიზეზი ადვოკატების მხრიდან დროის შეუთანხმებლობაა. ის ამბობს, რომ 10 მაისს პროცესის შემდეგ მივა სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დღეს, 8 მაისს 15:00-ზე დაიბარეს, თუმცა ადვოკატების მიზეზით ხვალ, 9 მაისამდე გადაიდო.

ფარული ჩანაწერი სავარაუდო ტერაქტზე

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.

"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა?" — აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ამავე თემაზე: