სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს "დანაშაულის ჩადენისკენ" ზოგიერთი პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია და "ვითომ ჟურანლისტები" მიზანმიმართულად ამზადებდნენ. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ისაუბრა.

"[პროკურატურამ] უნდა მიაქციოს ყურადღება იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენელს, ზოგიერთ ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ადამიანს მიზანმიმართულად ამზადებდნენ ამ დანაშაულის ჩადენისკენ და დეზინფორმაციებს აწვდიდნენ", — განაცხადა გოგაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენია გოგაშვილი მას არამხოლოდ მომზადებაში, არამედ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. მისი თქმით, არ გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ მაჩალიკაშვილი ტერაქტს გეგმავდა, რადგან მასაც ჰქონდა ინფორმაცია.

"უცხო არ არის მისთვის ამგვარი ქმედებები და აქამდეც კავშირი ჰქონდა ისეთ დაჯგუფებებთან, როგორიც ახმედ ჩატაევის დაჯგუფებაა", — აცხადებს ის.

ფარული ჩანაწერი სავარუდო ტერაქტზე

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.

"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?! მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ!" — აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ამავე თემაზე: