სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი ტერორიზმის ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ინტერპრესნიუსთან აკეთებს.

გამოცემა წერს, რომ გოგაშვილს სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ უჭირს, რადგან "იცის", რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის "ამგვარი ქმედებები უცხო არ არის". ის მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მისი ოჯახი "განადგურებას გადაურჩა".

"მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი, როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება", — განაცხადა გოგაშვილმა.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.

"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?! მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ!" — აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ამავე თემაზე: