თავდაპირველად გუგლის მთავარი მისია მსოფლიოში არსებული ინფორმაციის იმგვარად ორგანიზება იყო, რომ ის ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ახლა კი გუგლს უფრო დიდი ამბიციები აქვს. 2019 წელს კომპანიის ყოველწლიური კონფერენცია Google I/O 7 მაისს გაიმართა, სადაც გუგლის ხელმძღვანელებმა მომავალ გეგმებზე და საიხლეებზე ისაუბრეს.

ჩვენ გთავაზობთ კონფერენციაზე გაჟღერებულ 5 ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს.

1. Pixel 3A და Pixel 3A XL

ფოტო: GSMarena

გავრცელებული ჭორები სიმართლე აღმოჩნდა. გუგლმა გუშინ Pixel-ის ბიუჯეტური მოდელები, 3A და 3A XL დააანონსა. ტელეფონების საწყისი ფასი $399-ია, გუგლმა აღნიშნულ მოდელებში ეკონომია არაერთ კომპონენტზე გააკეთა, მაგალითად, ამოღებულია უსადენო დატენვის შესაძლებლობა და წყალგამძლეობა. მინა კი პლასტმასმა ჩაანაცვლა. ერთ რამ რაზეც გუგლს ეკონომია არ გაუკეთებია, კამერებია. Pixel ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონი და ეს ტიტული Pixel-ის ბიუჯეტურ მოდელებზეც გავრცელდება. მოდელებს გააჩნიათ ყურსასმენების ჯეკიც.

2. Android Q

ფოტო: James Martin / CNET

Android Q-ს შესახებ სიახლეები ინტერნეტში უკვე დიდი ხანია ვრცელდება. Android Q-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია აქვს, მაგალითად, ბნელი რეჟიმი, რომელიც OLED ტექნოლოგიის ეკრანების მქონე სმარტფონებში ელემენტს დაზოგავს. დაემატა ჭკვიანი პასუხების ფუნქციაც, მაგალითად, საკომუნიკაციო აპლიკაციებში ანდროიდი მიღებული შეტყობინების მიხედვით მოკლე და მარტივი პასუხის ტექსტს ავტომატურად შემოგთავაზებთ. დაემატა სუბტიტრების ავტომატური სისტემაც, ვიდეოს ყურებისას (ნებისმიერ აპლიკაციაში) ანდროიდს ვიდეოში არსებული საუბრის ტექსტად გარდაქმნა შეეძლება. მთავარი ისაა, რომ ამ სერვისებისთვის ინფორმაციას თქვენი ტელეფონის დატოვება არ უწევს, ამისათვის გუგლმა Android Q-ში მანქანური დასწავლის ალგორითმები ჩააშენა. ანდროიდის ახალ ვერსიაში ერთიორად გაადვილებულია სხვადასხვა აპლიკაციისთვის უფლებების მინიჭება და მათი გადახედვაც.

3. ინკოგნიტო Google Maps

ფოტო: Android Police

გუგლი ცდილობს, რომ თქვენი ინფორმაცია მაქსიმალურად კონფიდენციალური გახადოს. Google Maps-ში სულ მალე ინკოგნიტო რეჟიმის გააქტიურება შეგეძლებათ, ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდსა და აპლიკაციაშიც. ასევე რამდენიმე კვირის წინ გუგლმა განაცხადა, რომ მომხმარებლებს მალე საკუთარი ვებ-ისტორიის, ადგილმდებარეობებისა და აპლიკაციების ინფორმაციის წაშლა 3-18 თვის პერიოდულობით ავტომატურად შეეძლებათ.

4. Google Nest Hub Max

ფოტო: Google

გუგლმა Google Home-ის ხაზი ახალი სახელის, Google Nest-ის ქვეშ გააერთიანა. გუგლის ახალი ჭკვიანი ეკრანი Nest Hub Max თქვენი ჭკვიანი სახლის საკონტროლო პუნქტია. მისი საშუალებით შეგიძლიათ გააკონტროლოთ თერმოსტატი, ჭკვიანი ნათურები და Google Nest-თან მიერთებული ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. ახალ გაჯეტში ახლა უკვე კამერაც ჩაშენებულია, რომლითაც მოწყობილობას თქვენი ამოცნობა და ვიდეო ზარების განხორციელებაც შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ კამერა და მიკროფონი თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ, მისი გამორთვა სპეციალური ფიზიკური ღილაკით შეგიძლიათ. Nest Hub Max ხელმისაწვდომი ზაფხულში გახდება და მისი ფასი $229 იქნება.

5. Live Relay

ფოტო: Google

ერთი წლის წინ გუგლმა სმენადაქვეითებულთათვის ახალი აპლიკაციები, Live Transcribe და Sound Amplifier წარადგინა. აპლიკაციებს საუბრის ტექსტად გარადქმნა პირდაპირ რეჟიმში შეუძლიათ. ახლა კი გუგლმა ამ სისტემას ახალი ფუნქცია, Live Relay დაამატა, რომელიც ადამიანებს სატელეფონო ზარის განხორციელებას ტექსტური შეტყობინებების საშუალებით აძლევს, ანუ ზარისას ადამიანებს საუბრის ნაცვლად შეეძლებათ, რომ სასურველი ტექსტი აკრიფონ. გუგლის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სუნდარ პიჩაის თქმით, ეს მეტყველების პრობლემების მქონე ადამიანებს სატელეფონ ზარების განხორციელებას გაუადვილებს.