"ეს არის სხვა არაფერი თუ არა იმ რეჟიმში საუბარი, როდესაც ენას ძვალი არ აქვს", — ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე მწერლებისა და გამომცემლების პროტესტს, რომელიც მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას ეხება.

"რა ვქნათ, ახლა უნდა ვიმართლო თავი, რომ ეს არ არის შურისძიება? რომ ეს არის სამაგიეროს გადახდა? იგივე ფრანკფურტში, რომელსაც პატივცემული მწერლები ახსენებენ, მთელი თავისი ფინანსური თუ ადამიანური რესურსით არაერთი სახელმწიფო უწყება იყო ჩართული", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში კულტურის მიმართულებით არსებული სსიპ-ების ნაწილს აერთიანებს. უწყება ამას "მართვის გაუმჯობესებითა" და მათი "გაძლიერების" სურვილით ხსნის.

მწერლებისა, გამომცემლებისა და მთარგმნელების ნაწილი აცხადებს, რომ მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანი "ლიტერატურის მოთვინიერებაა". პოეტი პაატა შამუგია კი ამბობს, რომ ყველაფერი დაიწყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, როდესაც მწერლებმა ხელისუფლება გააკრიტიკეს.