ბოლივიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს 1 000 წლის წინანდელი ჩანთა, რომელიც ინდიელ შამანს ეკუთვნოდა. მასში მეცნიერებმა არერთი ფსიქოაქტიური მცენარე და ნარკოტიკი იპოვეს, მათ შორისაა კოკაინიც, ისევე როგორც ამ ნარკოტიკების მოსახმარად საჭირო ნივთები.

ტყავის ჩანთაში მოთავსებული იყო ძვლისგან დამზადებული ორი კოვზი, მოსაწევად განკუთვნილი ღრუიანი ჩხირი და ხის ორი დაფა, რომელიც ფსიქოაქტიური მცენარეების დასაფხვნელად გამოიყენებოდა.

"ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ცენტრალურ და სამხრეთ ანდებში მცხოვრებ საზოგადოებებში ფსიქოატიური ნივთიერებები მათი სულიერი და რელიგიური რიტუალების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა ჩვენ არ ვიცოდით, რომ მათ ხელი ამდენ სხვადასხვა ნივთიერებაზე მიუწვდებოდათ", — აცხადებს ანთროპოლოგი ხოსე კაპრილე.

ჩანთა და მასში ნაპოვნი ნივთები.

ჩანთა და მასში ნაპოვნი ნივთები.

ფოტო: Miller et al., PNAS, 2019

ისტორიის განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს იყენებდნენ, მათი გამოყენება ძირითადად რელიგიურ და რიტუალურ კონტექსტში ხდებოდა. თუ ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ, თუ ზუსტად რომელ მცენარეებს იყენებდნენ ეს ადამიანები, ჩვენ შევძლებთ მივხვდეთ, რა რაოდენობის ინფორმაცია ჰქონდათ მათ მცენარეების შესახებ.

არქეოლოგებმა ტყავის ჩანთა ბოლივიაში, ახლა უკვე დამშრალი მდინარის, სორის ხეობაში არსებულ ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს. მისი ასაკი რადიომეტრული დათარიღებით დადგინდა.

ჩანთაზე დალექილი ნივთიერებების ქრომატოგრაფული და სპექტრომეტრული ანალიზით მეცნიერებმა 4-5 სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს.

"ჩანთაში ბუფოტენინის, დიმეთილტრიპტამინის, ჰარმინისა და კოკაინის კვალი აღმოვაჩინეთ. ეს ჰარმინისა და დიმეთილტრიპტამინის ერთად აღმოჩენის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა, ეს ორივე ნივთიერებია აიაჰუასკას მთავარი ინგრედიენტია", — აცხადებენ ავტორები კვლევაში.

ჩანთით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ზუსტად როგორ მოიხმარდნენ ეს ადამანები ამ მცენარეებს, თუმცა აშკარაა, რომ სორის მდინარის ხეობის მოსახლეობამ მათი თვისებების შესახებ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იცოდა.

ჩანთა, დიდი ალბათობით, შამანს ეკუთვნოდა. სწორედ შამანები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით "სულიერ სამყაროსთან" კონტაქტის დამყარება შეეძლოთ.

"აღმოჩენილი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ანდების ამ რეგიონში არ გვხვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ მცენარეებს ისინი სხვებისგან ყიდულობდნენ, ან მათ შესაგროვებლად შორ მანძილებზე თავად მოგზაურობდნენ", — აცხადებს ოტაგოს უნივრესიტეტის არქეოლოგი მელანი მილერი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.