არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ახალ სასამართლო დავას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მორიგი დავა აფერხებს მაუწყებლის მუშაობას და ქვეყანაში თავისუფალ მედიაგარემოს საფრთხეს უქმნის. მათივე შეფასებით, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს 2020 წლის წინასაარჩევნო გარემოსა და დემოკრატიულ პროცესებზე.

"რუსთავი 2, ერთ-ერთი გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, უკვე წლებია დგას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედია პლატფორმების არსებობა", — აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სხვა მედიასაშუალებების მიმართ არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

"ეს საკითხები კი უარყოფითად აისახება ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც აფასებს მედიის მდგომარეობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რაც პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნების გარეშე ვერ მოხერხდება", — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი;
  • სატელევიზიო ქსელი საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  • მედიაკლუბი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • მედიის განვითარების ფონდი;

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 6 მაისს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ტელეკომპანიის წილის ცხრა პროცენტის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისგან 26 მილიონს ითხოვს. ის ამბობს, რომ სარჩელით ნიჟარაძემ სასამართლოს მიმართა. გვარამია ამ ყველაფერს ტელევიზიაზე შეტევის ახალ ფაზად აფასებს.

გვარამია აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და ეს სარჩელი კონკრეტულად მას, ამ ყველაფრის გარანტს ეხება. გვარამია ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება, რაც ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის დავალებით ბევრჯერ სცადა.