საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულმა დებმა, მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველო დატოვეს. ამის შესახებ დებმა Twitter-ზე დაწერეს.

"ახალ ქვეყანაში ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ჩვენ გვერდით იყო", — წერენ დები.

საუდელი დები აცხადებენ, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის ადგილდებარეობას ვერ გაასაჯაროებენ.

რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე გავრცელდა ვიდეო, სადაც საუდელი დები, მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები ამბობდნენ, რომ მშობლიურ ქვეყანაში მძიმე პირობებს გამოიქცნენ და საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ საუდის არაბეთში დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილი ელით.

"ჩვენ საუდელი დები ვართ, მე მაჰა მქვია, ჩემს დას ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ. გვჭირდება დაცვა და თქვენი მხარდაჭერა, რომ ჩვენი ხმა ყველამ გაიგოს. გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და ჩვენს უფლებებს დაიცავს. გთხოვთ დაგვეხმაროთ! საუდის მთავრობამ პასპორტები გაგვიუქმა. ახლა ჩვენ საქართველოში ვართ".

18 აპრილს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს თანამშრომლებმა დები გამოკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, ქალები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის პროცედურების გასავლელად.