ტურისტებისა და სხვა მგზავრების რეგულარულად გადამყვანი ავტობუსების მძღოლები თბილისში მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდებიან. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ქართულმა ოცნებამ მოამზადა და საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, თბილისში ხშირად გადაადგილდებიან ავტობუსები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების, ისე სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით. ასეთი ავტობუსებისთვის თბილისის საკრებულო სპეციალურ მარშრუტს შეიმუშავებს, რომლის დაცვაც გადაადგილებისას სავალდებული იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, თბილისში გზის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვისას დედაქალაქის თვითმმართველობა ვალდებული იქნება ალტერნატიული მარშრუტები განსაზღვროს.