"ყველაფერი დაიწყო ფრანკფურტიდან, როდესაც მწერლებმა გავაკრიტიკეთ ხელისუფლება. რაკი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ფინანსები მათია, როგორც ჩანს, სავარაუდოდ, მიაჩნიათ, რომ მწერლებიც მათი უნდა იყოს და მათი ერთგვარი ნების გამომხმოვანებლები უნდა იყვნენ", — ასე აფასებს პოეტი პაატა შამუგია განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანების შესახებ.

შამუგიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გზავნილია და ნიშნავს, რომ პროფესიონალიზმი ამ ქვეყანაში დასჯადია. მწერლები მიიჩნევენ, რომ ორი წარმატებული ორგანიზაციის გაერთიანების მიზეზი ლიტერატორების "მოთვინიერებაა".

მწერლები და გამომცემლები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს იდეას და მოითხოვენ ორგანიზაციებს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნდეთ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროს კონსულტაციები არ გაუვლია ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ან სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც უწყების პოზიციას არადამაჯერებელს და საეჭვოს ხდის.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში კულტურის მიმართულებით არსებული სსიპ-ების ნაწილს აერთიანებს. უწყება ამას "მართვის გაუმჯობესებითა" და მათი "გაძლიერების" სურვილით ხსნის.