პოეტი რატი ამაღლობელი აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანი "ლიტერატურის მოთვინიერებაა".

"რადგან ლიტერატურა და ლიტერატორები არიან თავისუფალი ადამიანები და ეს არაერთხელ გამოხატეს მათ ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით. მათ შორის, საყდრისის თემა იქნებოდა ზვიად რატიანის თემა, თუ სხვა ჩვენ ქვეყანაში საჭირბოროტო და აქტუალური თემა. მათი თვალით რომ შევხედოთ ეს არის სივრცეები, რომელიც მათგან თავისუფალია და რაღაცნაირად უნდა მოიშთონ", — განაცხადა ამაღლობელმა.

მწერლები და გამომცემლები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს იდეას და მოითხოვენ ორგანიზაციებს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნდეთ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროს კონსულტაციები არ გაუვლია ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ან სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც უწყების პოზიციას არადამაჯერებელს და საეჭვოს ხდის.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში კულტურის მიმართულებით არსებული სსიპ-ების ნაწილს აერთიანებს. უწყება ამას "მართვის გაუმჯობესებითა" და მათი "გაძლიერების" სურვილით ხსნის.