საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეტვიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მერვე დღეა სწავლობს. On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ მუშაობა გრძელდება და ახალი ამ ეტაპზე არაფერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სალომე ზურაბიშვილის ტრამპზე რეტვიტის შესწავლა 30 აპრილს დაიწყეს. შესწავლის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის მიერ კიბერთავდასხმაზე გამოთქმული ეჭვი გახდა.

მან თქვა, რომ პირველადი მოკვლევით ტრამპის რეტვიტზე შეცდომა სოციალური მედიის მენეჯერმა დაუშვა, თუმცა არც კიბერთავდასხმა გამორიცხა.

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.