ფლორიდელი თინეიჯერები ზღვაში ცურავდნენ, როდესაც მოულოდნელად ტალღამ გაიტაცა. ახალგაზრდები შველას ითხოვდნენ და გადასარჩენად ლოცულობდნენ, როდესაც ნავი, სახელად "ამინ" გამოჩნდა.

ნავის მფლობელი ერიკ ვაგნერია. 6 წლის წინ, როდესაც ის საზღვაო ტრანსპორტს ყიდულობდა, სულ არ ფიქრობდა, რომ "ამინ" ოდესმე ახალგაზრდების ლოცვის პასუხი იქნებოდა.

ახალგაზრდები ნაპირიდან 3 კილომეტრის მოშორებით იყვნენ, ამიტომ, როდესაც ვაგნერმა შუა ოკეანეში ადამიანების ხმა გაიგო, ყურებს არ დაუჯერა. სწორედ ამ დროს დაინახა, რომ მისგან არც ისე შორს ადამიანი ხელს იქნევდა.

"ნავი მოვაბრუნე და დაკარგულებისკენ გავცურე. ეს დრო საუკუნედ მეჩვენებოდა", — იხსენებს ვაგნერი.

გადარჩენილები 17 წლის ტაილერ სმიტი და ჰეაზერ ბრაუნი არიან. ისინი კანკალებდნენ და საუბარი არ შეეძლოთ, რადგან წყალში ორი საათის განმავლობაში იყვნენ.

ახალგაზრდები ტალღამ გაიტაცა და როდესაც უკან დაბრუნება სცადეს, დინებამ ნაპირიდან უფრო და უფრო შორს წაიღო. მას შემდეგ, რაც ენერგია თითქმის სულ გამოეცალათ, თინეიჯერებს გადარჩენის იმედი გადაეწურათ და ლოცვა დაიწყეს.

"შევყვირე: "თუ ჩვენი ცხოვრების ასე დასრულება არ გინდა, უბრალოდ რამე ნიშანი გამოგვიგზავნე", — იხსენებს სმიტი.

სწორედ ამ დროს დაინახა მან "ამინ".

"პირველი სიტყვები, რომელიც ნავზე ასვლისას ვთქვი, იყო "ღმერთი არსებობს", — დასძენს ის.

ვაგნერი შიშობდა, რომ ახალგაზრდებს ჰიპოთერმია დაემართებოდათ, ამიტომ ისინი პირსახოცებსა და პლედში გაახვია და თბილი სასმელი შესთავაზა. დაახლოებით 10 წუთში მათ ლაპარაკი დაიწყეს და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. ამის შემდეგ, ის სანაპირო დაცვას დაუკავშირდა და ახალგაზრდები სანაპიროზე დააბრუნა.

ვაგნერი ამბობს, რომ მისი რწმენა ამ შემთხვევის შემდეგ გაძლიერდა:

"მე უბრალოდ სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოვჩნდი და ის გავაკეთე, რასაც ყველა გააკეთებდა. მჯერა, რომ ეს ღვთაებრივი ჩარევა იყო".

მისი სიტყვებით, ნავისთვის სახელის შეცვლას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა ახლა აპირებს, რომ ის სამუდამოდ შეინარჩუნოს.