2019 წელს, პირველად ისტორიაში, ამერიკის ტოპ სილამაზის კონკურსების გამარჯვებულები, მის ამერიკა, მის აშშ და მის თინეიჯერი აშშ შავკანიანი ქალები გახდნენ.

სილამაზის კონკურსების ეპოქაში ეს დიდი ცვლილებაა. ზოგი მათგანი 1920 წლიდან დაიწყო და კონკრეტულ წესებს აწესებდა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობა კონკურსანტის კანის ფერი იყო — აფროამერიკელ ქალებს მასში მონაწილეობა ეზღუდებოდათ.

სულ რაღაც 50 წელია, რაც შავკანიანი ქალები ამ კონკურსებში მნიშნელოვანი რგოლები გახდნენ. პირველი მის ამერიკა, რომელიც ამ რასის წარმომადგენელი იყო, ვანესა უილიამსი გახდა, 1983 წელს. პირველი მის აშშ, რომელიც შავკანიანი იყო 1990 წელს დასახელდა და ის კაროლ ანა-მარია ჯისტი იყო. 1991 წელს ჯანელ ბიშოპი გახდა პირველი შავკანიანი მის თინეიჯერი აშშ.

გაიცანით სამი ქალი, რომლებმაც 2019 წლის ამერიკულ სილამაზის კონკურსებში ისტორია შექმნა.

მის აშშ — ჩესლი კრისტი

28 წლის ჩესლი კრისტი იურისტია. მას ორ უნივერსიტეტში სამი სხვადასხვა ხარისხი აქვს მიღებული და ახლა ამერიკის იუსტიციის სისტემაში ადვოკატად მუშაობს.

მისი მიზანია დაეხმაროს იმ პატიმრებს, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა უსამართლოდ მიუსაჯეს.

კონკურსისთვის გადაღებულ ვიდეოში კრისტი ყვება, რომ ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ კაბის ტარება მოსთხოვა და მიუთითა, რომ ქალ იურისტებს შარვალი არ უნდა ეცვათ:

"მარ უთხრათ ქალებს, რომ მათ განსხვავებულად უნდა ეცვათ, მაშინ, როდესაც კაცებს ლეგალურ არგუმენტებზე პასუხობთ".

კრისტის ასევე აქვს ბლოგი, სადაც სამუშაო პროცესში ქალების ჩაცმის კოდექსზე საუბრობს.

მის თინეიჯერი აშშ — კალი გარისი

გარისი ამბობს, რომ მისი ბუნებრივი, ხვეული თმა თავდაჯერებულობას მატებს. ის კონკურსზე საკუთარი ვარცხნილობით წარსდგა.

"ვიცი, როგორ გამოვიყურები სწორი თმითა და სხვადასხვა დანამატებით. თუმცა, ჩემი ხვეული თმით ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს", — უთხრა 18 წლის კონკურსანტმა Refinery29-ს.

კონკურსში ჩართვისას, მას არსებულ სილამაზის სტანდარტებთან დაპირისპირება და ბრძოლა მოუწია. კონკურსის ავტორები მას სწორი თმის ტარებას ურჩევდნენ, იმ მიზეზით, რომ ასე უფრო ლამაზი გამოჩნდებოდა.

კრიტიკის მიუხედავად, მან კონკურსზე საკუთარი სტილით გასვლა გადაწყვიტა და ჯერ მის კონექტიკუტი და შემდეგ მის თინეიჯერი აშშ გახდა.

მის ამერიკა — ნია ფრანკლინი

ფრანკლინი არასამთავრობო ორგანიზაციაში Sing for Hope მუშაობს და ადამიანებს მუსიკის საშუალებით ეხმარება. ის იხსნებს, თუ როგორი გავლენა ჰქონდა ხელოვნებას მის ცხოვრებაზე და ცდილობს თავისი ისტორია სხვა ბავშვებისთვის ინსპირაციად აქციოს.

25 წლის ფრანკლინი ოპერის მომღერალია. მისი თქმით, საკუთარი თავის აღმოჩენაში სწორედ მუსიკა დაეხმარა.

"მე კავკასიურ სკოლაში გავიზარდე. იქ უმცირესობის წარმომადგენლები მხოლოდ მოსწავლეთა 5% იყო. ჩემი კანის ფერის გამო, ხშირად ვგრძნობდი თავს გარიყულად. თუმცა, ზრდის პროცესში ხელოვნების სიყვარული დამეხმარა, რომ საკუთარი თავისთვის პოზიტიურად შემეხედა და აღმომეჩინა, ვინ ვიყავი", — ამბობს ის.

ფრანკლინმა 2018 წელს მის ნიუ-იორკის ტიტულიც მიიღო. მან კონკურსზე Quando m'en vo შეასრულა და ჟიური აღფრთოვანებული დატოვა.