ენმ-ს სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმზე საუბარი უკიდურესად ცინიკურია:

"მაშინ, როდესაც კორცხელის საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია და მაგალითად, პირადად ჩემს საარჩევნო ოლქში, ბანერი არ გაგვიჩერეს, საარჩევნო პლაკატი არ გაგვიჩერეს და ამომრჩეველს ყოველდღიურად აშინებენ, რომ საარჩევნო შეხვედრებზე არ გამოვიდნენ. მთავარი მემორანდუმი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხსა და ბიძინა ივანიშვილს უნდა გაუფორმოს, ეს იქნება 8 ოქტომბერს, რომელი მემორანდუმითაც ივანიშვილი წავა სახლში".

დღეს პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო აგიტაციის დროს კონტრაქციების თაობაზე ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის ტექსტი გაასაჯაროვა.

21 სექტემბერს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ განმარტა, რომ მემორანდუმის ტექსტი არჩევნებში მონაწილე პარტიებს დღესვე გადაეგზავნებათ და მმართველი გუნდი მათ გამოხმაურებას დაელოდება.

დღესვე რესპუბლიკელების ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მემორანდუმის ტექსტი ამობეჭდა და მას მედიის წარმომადგენლების თვალწინ მოაწერა ხელი.