საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში კულტურის მიმართულებით არსებული სსიპ-ების ნაწილს აერთიანებს. უწყება ამას "მართვის გაუმჯობესებითა" და მათი "გაძლიერების" სურვილით ხსნის. ამ შინაარსის განცხადება სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

უწყებაში განხორციელებული ცვლილებები:

  • სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და სსიპ მწერალთა სახლი გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნება;
  • სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმს.
  • საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთიანდებიან სსიპ-ები: ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;
  • სსიპ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი შეუერთდება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს;
  • სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.