გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლიკა ტორიკაშვილი საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს "SDG თაობა: როგორ ვაქციოთ მიზნები მიღწევებად" გამართავს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10 ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთი წარმატების ისტორიასა და ამ წარმატების გზაზე არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ისაუბრებენ.

გენდერული სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში იმდენად გავრცელებულია, რომ მოზარდებს ხშირად უჭირთ იმის გააზრება, რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინოს გენდერული საკითხებისადმი არაჯანსაღმა შეხედულებებმა მათ პიროვნულ განვითარებაზე. იმისათვის, რომ სტერეოტიპების მსხვერპლნი არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვ. ფორუმის უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდები დააფიქროს არსებულ სტერეოტიპებსა და იმ როლზე, რომელსაც ანიჭებენ ქალებს განათლების, კულტურისა თუ მდგრადი განვითარების სხვა სფეროებში. ისინი გაეცნობიან სტერეოტიპების იდეას და განიხილავენ გენდერული სტერეოტიპების უსამართლო ბუნებას, ასევე იმსჯელებენ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის მეხუთე მიზნის – გენდერული თანასწორობის – შესახებ.

ღონისძიების სტუმრები იქნებიან: დიდი ბრიტანეთიდან შაზია რამზანი (Shazia Ramzan) და კაინათ რიაზი (Kainat Riaz), ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის, მალალა იუსუფზაის, თანაკლასელები, რომლებიც წლების განმავლობაში მალალასთან ერთად იბრძვიან, რათა ყველა გოგონას ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება, ასევე კარენ სუდრი – ისრაელის ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში და აზიზა აზნიზანი – მალაიზიის "Paint the World-ის" დამფუძნებელი.

ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება გაეროს სააგენტოებთან – გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 30 წლის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც პროექტის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მუშაობას შეძლებს.

ფორუმი 2019 წლის 4 მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში ჩატარდება.