როცა თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმს უყურებ, შეუძლებელია, შენი ყურადღება პერსონაჟთა ჩაცმის სტილმა არ მიიპყროს. ეს ჰოლივუდის კოსტუმების დეპარტამენტებში მომუშავეთა თვალით დანახული მომავლის მოდაა. თუ კაცობრიობას, მაგალითად, რაიან ქუგლერის შავი პანტერასეულ ჩაცმულობის სტილზე გადასვლა უწერია, დროა, მყვინთავის ფორმის მსგავს კოსტუმებში გამოსაწყობად შევამზადოთ თავები. ამის საპირწონედ, ფილმის დანის პირას მორბენალი, 2049-ის, და ტელე-შოუს, სივრცის სამყაროები მრავალგზის გადაკეთებულ, ძველი გარდერობებიდან შეკოწიწებულ ქუჩის სტილს გვთავაზობენ.

როგორც ჩანს, იმას, რაც ახლა გვაქვს, ყველაფერი სჯობს. თანამედროვე მონობის თუ პლანეტის დამღუპველი, ზედმეტი კონსუმერიზმის საკითხების გამო მოდის სფერო დღეს კრიტიკის ქარცეცხლშია მოყოლილი. ბრენდებს ამ ყველაფერთან ადაპტირება უწევთ. Camera Nazionale della Moda Italiana-ს მდგრადი მოდის შესახებ მილანში გამართული მესამე საერთაშორისო მრგვალი მაგიდის მიერ შედგენილ ანგარიშზე დაყრდნობით, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის და საფრანგეთის სხვადასხვა მოდურ მაღაზიაში მყიდველები ეკო-მეგობრულ პროდუქტებზე დღევანდელთან შედარებით ორჯერ მეტ თანხას დახარჯავენ.

ფუტურისტულ ფილმ Black Panther-ში გამოყენებულმა კოსტუმებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და 2019 წელს ოსკარითაც დაჯილდოვდა.

ფოტო: Alamy

როგორც ჩანს, ის, რაც უცვლელი დარჩება, ყიდვისა და მოხმარების სურვილია, რადგან ეს ადამიანის ბუნებაში ღრმად ფესვგადმული იმპულსი გახლავთ. როგორც ლიდსის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის დოქტორი, მარკ სამერი ამ წლის გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშში წერს, "მოდა აკმაყოფილებს მომხმარებლის ფსიქოგენურ საჭიროებებს და პრობლემის გადაჭრის ნებისმიერმა გეგმამ ეს სარგებელი უნდა ცნოს და შეინარჩუნოს".

შესაბამისად, ინოვატორები ისეთი გამოსავლის მოძებნას ცდილობენ, რომელიც შოპინგის ყველა დადებით მხარეს შემოგვთავაზებს და, ამასთან, დედამიწასაც აღარ გაანადგურებს. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ გამოწვევაზე პასუხის პოვნა ციფრულ სამყაროში იქნება შესაძლებელი. "როგორც იქნა, ჩანს, როგორ ცვლის ციფრული ინდუსტრია მოდის უძველეს ბაზარს და ეს ევოლუცია მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაგრძელდება", - აცხადებს რეიჩელ სტოტი მომავლის ლაბორატორიიდან, - "არამატერიალური და ციფრული მოდა აძლევს ბრენდებს შესაძლებლობას, გამოიჩინონ კრეატიულობა და მომხმარებელთან კავშირი სხვა მედიუმის საშუალებით დაამყარონ".

სატელევიზიო სერიალ The Expanse-ის გმირებს ჩაცმის სტილს პოსტაპოკალიპტური სამყაროს რთული პირობები კარნახობს.

ფოტო: Alamy

მომავლის ერთი მსგავსი ხედვის თანახმად, წლების მერე ტანსაცმელი საერთოდ არ იარსებებს. როდესაც ნორვეგიულმა მაღაზიათა ქსელმა, კარლინგსმა შარშან ციფრული კოლექცია გამოუშვა, ფუტურისტული ყოველდღიური სტილის ტანსაცმელი ონლაინ იყიდებოდა და ელექტრონულად ერგებოდა მომხმარებლის ფოტოებს. ეს კამპანია დღევანდელ ე.წ. ონლაინ ინფლუესერებში პოპულარული "იყიდე, ერთხელ ჩაიცვი, გადაიღე სელფი და გადააგდე" შოპინგ-ფილოსოფიის საპირისპიროდ შეიქმნა. "ჩვენ სამყაროს დავანახეთ, რომ დედამიწაზე უარყოფითი გავლენის მოხდენის გარეშეცაა შესაძლებელი სტილით ექსპერიმენტების ჩატარება", - განაცხადა Virtue Nordic-ის წარმომადგენელმა, მორტენ გრუბაკმა.

ვირტუალური თაობისთვის ციფრული კოლექცია წინ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯია. ფორტნაიტის, სიმსის და სხვა მსგავსი თამაშების აქტიური მომხმარებლები ჯამში უკვე ხარჯავენ მილიარდებს ისეთ საგნებზე თუ ტანსაცმელზე, რომლებიც რეალობაში არც კი არსებობს. "ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვიხილავთ ფიზიკური და შემოქმედებითი შეზღუდვებისგან თავისუფალ ციფრულ კოლექციებს და სამოსს და ეს მოდის სფეროს ჩვეულებრივი ნაწილი გახდება", - ამბობს სტოტი.

ნორვეგიულმა ბრენდმა Carlings-მა 2018 წელს საზოგადოებას ციფრული კოლექცია წარუდგინა და მოდის ინდუსტრიაში ახალ ტრენს დაუდო დასაბამი.

ფოტო: Carlings

"არსებობს ონლაინ კონტენტისა და ფიზიკური რეალობის შერწყმის აშკარა ტრენდი", - სტოტს ლონდონის მოდის და ინოვაციების კოლეჯის წარმომადგენელი, მეთიუ დრინკუოთერიც ეთანხმება. მისი ხედვით, მომავალში რეალობის გამაფართოებელი სათვალეების მეშვეობით, რომელიც ემპირიულ სამყაროზე ციფრულ გამოსახულებებს დაამატებს, სხვადასხვა სამოსს ვირტუალურად ჩავიცვამთ და ისეთივე სათვალეების მქონე ადამიანებს მათში გამოწყობილი გამოვეცხადებით.

ფანტასტიკასავით ჟღერს? სინამდვილეში, ეს რეალობასთან ძალიან ახლოსაა. ამის მაგალითია ლუკასფილმის ქვეგანაყოფის ILMxLAB-ისა და დრინკუოთერის საერთო პროექტი, რომელიც საზოგადოებას 2018 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე დიზაინერ სტივენ ტაის პრეზენტაციაზე წარუდგინეს.

Fortnite-ის მსგავსი ვიდეო თამაშები მომხმარებლებს არჩეული ავატარებისთვის განსხვავებულ იდენტობებს სთავაზობენ. ეს ფენომენი მოდის ინდუსტრიის განვითარების ტრაექტორიის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

ფოტო: Epic Games

"პროექტი მიანიშნებს ისეთ მომავალზე, სადაც ციფრული ტანსაცმლის პირდაპირ ჩვენს სხეულებზე გადმოტვირთვას შევძლებთ, რაც ვირტუალური რეალობის სათვალეებით გამოჩნდება. და ჩვენ მერე გარშემომყოფებს სულ სხვადასხვაგვარად წარმოვუდგებით", - აცხადებს დრინკუოთერი. "ჩვენი იდენტობები მუდმივად იცვლება და უფრო მოქნილი ხდება, როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სამყაროში", - დასძენს სტოტი, - "ციფრული მოდა ხალხს შეუზღუდავი ექსპერიმენტობის საშუალებას აძლევს. ვარცხნილობა წყლისგან; კაბა, რომელიც ფორმას ხმის მიხედვით იცვლის - ეს ყველაფერი შესაძლებელია".

საოცარი ახალი სამყარო

თუ ასე მთლიანად ციფრულ სამყაროში მოქმედების იდეა არ გსიამოვნებთ, ტექნოლოგიის უფრო ხელჩასაჭიდად გამოყენების შესაძლებლობებიც არსებობს. ელენ მაკარტურის ფონდის მონაცემების მიხედვით, სწრაფი მოდის გაუყიდავ პროდუქციასა და ნარჩენებში ყოველ წელს $500 ბილიონი იკარგება; დამზადებული ტანსაცმლის 87% ნაგავსაყრელზე ხვდება. რა მოხდებოდა, თუ მხოლოდ იმ სამოსს დავამზადებდით, რომელიც ხალხს ნამდვილად ენდომებოდა?

სწორედ მსგავს კონცეპტზეა მორგებული ნიუ იორკში დაფუძნებული ციფრული სააგენტოს, Neuro studio-ს ბოლო პროექტი, სოლვენტუს 2019. ამ კოლექციისთვის ზუსტი ზომების მისაღებად ადამიანები 3D სკანერში გაატარეს და შემდეგ ტანსაცმელი პირდაპირ ციფრულ ავატარებზე დაამზადეს. ჩანაფიქრის მიხედვით, საბოლოო მიზანი ისაა, რომ ყველა ტიპის ტანსაცმელი მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შემდეგ შეიკეროს.

VR ტექნოლოგია მოდის მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ფოტო: Carlings

Neuro studio-ს კოლექციისთვის 3D პრინტერებიც გამოიყენეს. ესაა ტექნოლოგია, რომელიც დიზაინერს საშუალებას აძლევს, ციფრულად სახელდახელოდ დაამზადოს ცალკეულ კლიენტზე მორგებული სამოსი. ნაიკის მსგავსი სპორტული კომპანიები უკვე აძლევს მყიდველებს საკუთარი ფეხსაცმლის დიზაინის შექმნის საშუალებას. ეს სიახლე ისეთ მომავალს ხდის ხელშესახებს, სადაც კლიენტს საკუთარი ფეხსაცმლის საკუთარ სახლშივე დაპრინტვა შეეძლება. მყიდველები დიზაინერობას შეითავსებენ - როდესაც სპორტულმა კომპანია ჰაიპმა მთავარი დიზაინი ვერ აარჩია, ინსტაგრამით დაეკითხა ხალხს აზრს.

სტოტის თქმით, ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მომხმარებლის მიერ შექმნილი სამოსის ხანას. "მოდის ინდუსტრია ადრინდელი სახით ვეღარ იკავებს ძველებურ ადგილს კულტურულ წარმოსახვაში. თუ ადრე მოდაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა დიზაინერებს, ჟურნალების რედაქტორებსა და კრეატიულ დირექტორებს ჰქონდათ, ახლა ძალაუფლება ხალხის ხელში გადადის. მომხმარებელს შემოქმედებითობის გამოჩენა და პერსონალიზებული პროდუქტების ქონა სურს, ტექნოლოგია კი მას ამის შესაძლებლობას აძლევს".

დროის სვლასთან ერთად მოდაც სულ უფორ მაღალტექნოლოგიური გახდება.

ფოტო: Carlings

ამავე დროს, ტექნოლოგია, რომელიც უშუალოდ ტანსაცმლის დასამზადებლად გამოიყენება, ასევე წინ მიდის. ჭკვიანური ნაჭრების კომპანიები ქმნიან მასალას, რომელსაც მის მატარებელზე ინფორმაციის შეგროვება შეუძლია. მაგალითად, ნაიკის კალათბურთის ფეხსაცმელი, adapt BB ადგენს, სჭირდება თუ არა მფლობელს მოძრაობის შეცვლა ტრავმის თავიდან ასარიდებლად. "მომავალში, 5G ტექნოლოგიის გავრცელებასთან ერთად, ტანსაცმელი ახალი ინტერფეისის როლს შეასრულებს და ხალხსა და გარემოს შორის კომუნიკაციაზე გავლენას მოახდენს", - აცხადებს ელექტრონული ჟურნალის, FashNerd-ის დამფუძნებელი, მანო ტენ ნაპელი.

სხვა საქმეა, იქნება თუ არა ეს ტექნოლოგიები ისევე ფართოდ ხელმისაწვდომი, როგორიც სწრაფი მოდაა. "როცა სოციალურ ქცევებს ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, წყლის და ნაჭრის რესურსების ნაკლებობა და, მეორე მხრივ, ფასების ზრდა მოდის ინდუსტრიაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. როდესაც ეს მოხდება, ხალხი ბიუჯეტს ისე გადააწყობს, რომ მხოლოდ იმ ტანსაცმელს შეიძენს, რომელიც საციცოცხლოდ დასჭირდება. სწრაფი მოდა ვადაგასული მოდელია, ის, უბრალოდ, ვერ გააგრძელებს არსებობას. მდგრადობის სტრატეგიის არმქონე ბრენდები შარში არიან", - აცხადებს მოდის პროგნოზისტი, ჯერალდინ უარი.

სმარტფონები თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში უკვე თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს.

ფოტო: Getty

მაშინ ჩვეულებრივი მოკვდავები საიდანღა მიიღებენ მოდის საკუთარ დოზას? ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, ხელნაკეთი და თვითნაკეთი სამოსის დაბრუნების ტენდენციაც შეიმჩნევა. "სულ მეტი ადამიანი ინტერესდება ხელსაქმით. ეს ტანსაცმელთან კავშირის დამყარების განსხვავებული გზაა", - ამბობს უარი. ამასთან, მეორადი ტანსაცმლის ბაზარიც უპრეცედენტოდ იზრდება. გადაყიდვებზე სპეციალიზირებული ვებგვერდის, ThreadUP-ის მიხედვით, მათი მსგავსი საიტები ინდუსტრიის დანარჩენ ნაწილთან შედარებით 24-ჯერ სწრაფად იზრდება. "გადაყიდვას მოდაში სიახლის შეთავაზება გარემოზე მავნე გავლენის მოხდენის გარეშე შეუძლია", - ამბობს სარა არნოლდი Higher Studio-დან.

"ჩაცმა კვლავ ყველას სჭირდება, ამიტომაც ახლო მომავალში ტანსაცმელზე წვდომის გზები საგრძნობლად შეიცვლება", - ამბობს სტოტი, - "ფლობა აღარაა საბოლოო მიზანი. ფილმებისა და მუსიკის ჩვენთვის არჩევის ფუნქცია უკვე გადავაბარეთ ონლაინ სერვისებს, მომავალში კი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მოდაზეც იგივე მოხდება. ხალხი გამოიწერს მოდის ცენტრალურ სერვისებს და, საკუთარი საჭიროებებიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ტანსაცმელს სხვადასხვა მოკლე ვადით ითხოვებს. ეს კარადაში მიგდებულ გამოუყენებელი ტანსაცმლის გროვასაც შეამცირებს".

დისტოპიური ფილმის, Blade Runner 2049-ის პერსონაჟი ლავი თეთრ სამოსშია გამოწყობილი.

ფოტო: Alamy

როგორც უნდა შევიძინოთ სამოსი, მოდა მუდამ დარჩება ესკაპიზმის და თვით-გამოხატვის საშუალებად. ამას პლანეტარული პირობების გაუარესებაც შეუწყობს ხელს. "თუ შევხედავთ დიდი დეპრესიის ხანას, დავინახავთ, რომ ის გლამურით და სიკაშკაშით იყო სავსე", - აცხადებს უარი, - "შეხედეთ დღევანდელ ტენდენციებს - ყველას ფერად-ფერადი ტანსაცმელი აცვია. მოდა მუდამ იყო საზოგადოების და მოვლენების ამრეკლავი სარკე. შეძლებულებსა და ღარიბებს შორის მომავალში, შეიძლება, იმხელა ნაპრალი წარმოიქმნას, რომ მოდის ერთობ ექსტრავაგანტული ტენდენციებიც დაიბადოს".