ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. ინიციატივას მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 18 იყო. მის მისაღებად 68 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ინიციატივის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები, ალექსანდრე ქანთარია და გენადი მარგველაშვილი არიან.

დეპუტატები კანონპროექტის მიღების საჭიროებას ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის აუცილებლობით ხსნიან.

დეპუტატები წერენ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას.

კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია ,"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების
გაცნობიერებაში ხელის შეწყობა".

კანონპროექტის მიხედვით, ქანთარიასა და მარგველაშვილს სურთ, რომ ეს ჩანაწერი ასე შეიცვალოს: "მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება".