საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნება. აღნიშნული განცხადება საპატრიარქომ დავით გარეჯის მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.

"საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ", — აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საპატრიარქოში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია:

"ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად".

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის სამსახურმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეიზღუდა.

დღეს, 2 მაისს დავით გარეჯში სამღვდელოებასთან ერთად რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი იყო ჩასული. სასულიერო პირმა თქვა, რომ დავით გარეჯის საკითხი შესაძლოა "რელიგიურ ომში გადაიზარდოს". გარდა ამისა, მან ახსენა, რომ "თუ სისხლი დასჭირდა", მოქალაქეებს მაგალითი სასულიერო პირებმა უნდა მისცენ:

"ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს".