საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.

5-ვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული. მასში 17 ლუქსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს.

შიგნით ასევე არის რამდენიმე საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანი, მათ შორის, პანორამული სქაი ბარი. სასტუმროსთვის ექსკლუზიური, 22-მეტრიანი მშვიდობის ჭაღი მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანმა კომპანიამ Lasvit დაამზადა.

პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. კომპანია Wyndham Hotels & Resorts ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ის მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 ათასამდე სასტუმროს აერთიანებს. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ისეთი პროექტის განვითარებას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსურ მონაწილეობას, სასტუმროს მშენებლობისთვის საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 10 მილიონამდე დოლარს შეადგენს“, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Wyndham Grand-ის ბრენდი, Wyndham Hotel Group-ში შემავალი სასტუმროა. ჯგუფში 20-მდე ბრენდია გაერთიანებული. სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა.