შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ პირადი საიდუმლოების დაცულობის კუთხით მოქალაქეები სრულად დაცულები არ არიან, თუმცა არც დაუცველები არიან. ამის შესახებ მან დღეს, 2 მაისის სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვის პასუხად თქვა:

"შედარებითია", — თქვა გახარიამ და განმარტა, რომ ამ მიმართულებით "სუსტად ვართ". მისივე თქმით, ბევრია სამუშაო საერთაშორისო პარტნიორობის ნაწილში.

გახარიას დაპირებით, კონკრეტულ საქმეზე უახლოეს პერიოდში პირველწყაროს იპოვიან:

"ამის განცხადების ობიექტური მიზეზები ამქვს, თუმცა ფორმალური იურიდიული მხარე არ მაძლევს საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო".

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. პირველ იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ვიდეოს ნახვის, მესენჯერში გაგაზავნისა და სხვა ფორმით გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და იმ მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მას პატიმრობა ემუქრება. ერთი დაკავებული კი აცხადებს, რომ მას ვიდეო არ უნახავს და მესენჯერში დარჩენილი ლინკის გამო პატიმრობა უსამართლოდ ემუქრება.

იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა. მეორე დღეს, 27 მარტს შსს-მ ვიდეოს Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ფარგლებში სულ 20 პირია დაკავებული. მათგან რამდენიმეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.