დეველოპერულმა კომპანიამ m² უძრავი ქონება, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში Kempinski Hotels-თან მენეჯმენტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

Kempinski მთაწმინდაზე, სულ მცირე, 95 ნომერს გააერთიანებს და 2020 წლის მესამე კვარტალში გაიხსნება.

ქართულ კულტურასთან შერწყმული, ექსკლუზიური, ევროპული სტანდარტით ახლად აშენებული სასტუმრო ქალაქის მთიან მხარეს, დამსვენებლებს ფართო ნომრებსა და შთამბეჭდავ ხედებს შესთავაზებს.

ფართო სივრცული გეგმარება სასტუმროს დიზაინის მთავარი კომპონენტია: Kempinski დამსვენებლებს ქალაქში ყველაზე დიდი ფართის სტანდარტულ ნომრებს (40 კვ.მ) და კიდევ უფრო ფართო ლუქსებს შესთავაზებს. სასტუმროს გამოარჩევს შთამბეჭდავი ხედები, როგორც დამსვენებლების ნომრების ტერასებიდან, ისე ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი, სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ტერასიდან.

Kempinski პოზიციონირდება როგორც კულინარიული ჰაბი, ის წარმოდგენილია ექსკლუზიური, გასტრონომიული შეთავაზებებით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. მთაწმინდაზე Kempinski-ს მიმდებარედ, კლდეში არსებულ გვირაბში ღვინის ბარი მოეწყობა, სადაც ვიზიტორები საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე რესტორნისა და ბარის კონცეფცია განსაკუთრებულია: მას გამოარჩევს კერძების სტუმრების თვალწინ მომზადების პროცესი. ამასთანავე, გარემოს განსაკუთრებულს ხდის ძველი თბილისის შეუდარებელი ხედებიც. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ VIP ზონით და კერძო სავახშმო ტერასით. ლაუნჯი, სიგარ ლაუნჯი და კლუბი დამსვენებლებს სრული რელაქსაციისა და გართობისთვის განსაკუთრებულ გარემოს შესვთავაზებს. 500 კვ.მ ფართობზე მდებარე სრულად აღჭურვილი სპა დამატებით დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს: დამსვენებლებს შეეძლებათ, აუზით, სოლარიუმითა და თანამედროვე ფიტნეს-ცენტრით ისარგებლონ.

მთაწმინდის ქედზე მოკალათებული სასტუმროდან, დამსვენებლები და სტუმრები თბილისური, მოჩუქურთმებული ხის აივნებითა და მოკირწყლული ქუჩებით ისტორიული ხიბლის შეგრძნებას შეძლებენ. ადგილმდებარეობა მიმზიდველია ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების კუთხითაც: თავისუფლების მოედანი, მნიშვნელოვანი ძეგლები, უამრავი ისტორიულად მიმზიდველი ადგილი და საქართველოს პარლამენტი სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა.

"მოხარულები ვართ Kempinski Hotels-თან პარტნიორობით. Kempinski სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მართვაში მთელ მსოფლიოში ცნობილია გამოცდილებითა და მაღალი ხარისხით. ჩვენ ერთად ავიყვანთ პრემიუმ კლასის გამოცდილებას ახალ საფეხურზე თბილისში. ჩვენი შეხედულებით, ამ სასტუმროში მოვიზიდავთ ტურისტებს როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე გლობალური მასშტაბით, სადაც Kempinski Hotels-ის ბრენდს უკვე აქვს ძლიერი რეპუტაცია. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თბილისისა და საქართველოს ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბებაში, რომლის მთავარი კომპონენტებია შთამბეჭდავი ისტორია, გასტრონომია და კულტურა", — განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, m²-ის გენერალურმა დირექტორმა.

"გასულ წელს, ჩვენი გეგმის 18%-იანი ზრდის შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ 2019 წელსაც ვაგრძელებთ ამ პოზიტიურ ტენდენციას და ჩვენს ინოვაციურ სულისკვეთებას ვაჩვენებთ იმით, რომ საქართველოს ულამაზეს დედაქალაქში, თბილისში, პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს ვთავაზობთ დამსვენებლებს", — განაცხადა ბერნოლდ შრიოდერმა. Kempinski Hotels-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

"რიგი განმასხვავებელი კრიტერიუმების მეშვეობით, როგორიც არის ჩვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, ლუქსების დიდი რაოდენობა, ნომრების ფართი საკუთარი ტერასებითა და ნომრების ლიმიტირებული რაოდენობით, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე გავხდებით ბაზრის ლიდერები ჩვენს სეგმენტში", — დასძინა მან.

Kempinski-ის შესახებ:

1897 წელს დაარსებული Kempinski Hotels ევროპის მაღალი კლასის სასტუმროების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია. Kempinski-ს შეუდარებელი მომსახურებისა და შესანიშნავი სტუმართმოყვარეობის მდიდარ მემკვიდრეობას ემატება ექსკლუზიურობა და ინდივიდუალიზმი.

თითოეული სასტუმრო Kempinski-ის ბრენდის სიძლიერესა და წარმატებას ასახავს. პორტფელი მოიცავს ისტორიულ ობიექტებს, მრავალჯერ დაჯილდოებულ სასტუმროებს, შესანიშნავ კურორტებსა და პრესტიჟულ საცხოვრებლებს. თითოეული პროექტი მომხმარებელს სთავაზობს იმ ხარისხს, რომელსაც Kempinski-სგან ელოდებიან. ამავდროულად, თითოეული სასტუმრო ადგილმდებარეობის ტრადიციებსაც ითვალისწინებს. Kempinski სასტუმროების გლობალური ალიანსის (GHA) დამფუძნებელი და წევრია, რომელიც დამოუკიდებელი სასტუმროების ბრენდების უდიდეს ალიანსს წარმოადგენს.

Kempinski ამჟამად 34 ქვეყანაში მართავს 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს და განაგრძობს სასტუმროების ქსელის გაფართოებას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში.