პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებების და ინტერესების დასაცავად ახალი ინსტიტუტი შეიქმნა, რომელსაც დევიდ მორისონი უხელმძღვანელებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება. უწყების ცნობით, მას ეყოლება საკითხების განმხილველი სამდივნო, სადაც ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელებენ.

მათივე ინფორმაციით, ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ასევე, მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში, გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.

სამინისტროს ცნობით, მორისონი 2008 წლიდან საქართველოში გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში ჩაერთო. 2008-2016 წლებში ის ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF).

"სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით. პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. განახორციელა მნიშვნელოვანი ინიციატივა — დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა", — აღნიშნავენ უწყებაში.