რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღეს" დაგეგმილ კონცერტში თამრიკო ჭოხონელიძე მონაწილეობას არ მიიღებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ ჭოხონელიძემ მათთან სატელეფონო საუბრისას თქვა.

“ბოლო პერიოდში ატეხილმა ძალიან დიდმა ალიაქოთმა და სიგნალებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაპირისპირებას უკავშირდება, მე ამან ძალიან გამაღიზიანა, მინდა გითხრათ და ჩემთვის ყველა დღე ოჯახის სიწმინდის დღეა და თუ 17 რიცხვი იქნება დაპირისპირებისთვის დაგეგმილი, ერთ მხარესაც თუნდაც და მეორე მხარესაც, მე აი, ამას გავაპროტესტებ", — აცხადებს ჭოხონელიძე.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

წელს ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან გალა კონცერტი. ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კონცერტზე არ იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი შვიდკაცა. რაც შეეხება ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, მათი ინფორმაციით, კონცერტზე სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ.

გუშინ, პირველ მაისს კონცერტის ორგანიზატორმა, მოძრაობა დავითიანნმა ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა. მოძრაობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც შეთანხმება ბოლომდე არ ჰქონდათ დასრულებული.