"პატრიარქის პასუხი იყო ასეთი — ყველაფერი კარგად იქნება", — ამ კომენტარით დატოვა საპატრიარქოს შენობა ორგანიზაცია მშვიდობის ალამის დამფუძნებელმა, თემურ ცათაშვილმა, სადაც იგი პანკისელებთან ერთად მივიდა. პანკისის ხეობის მაცხოვრებლების ნაწილი დღეს, პირველ მაისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

"პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ ჩვენ, პანკისში მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებმაც წარმოვადგინეთ ჩვენი შეხედულება, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული ჩვენი მხრიდან, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული მთავრობის მხრიდან, ჩვენ ჩვენი წილი დაშვებული შეცდომა ვაღიარეთ, რომ ეს იყო შეცდომა. პანკისელები და ქართველები არ არიან ცალკე ხალხი. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ქვეყნის შვილები, — ამბობს თემურ ცათაშვილი.

სათემო კავშირის პანკისის კეთილდღეობისთვის ხელმძღვანელმა, ნონა ხანგოშვილმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პატრიარქის მიერ მიცემულ რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებენ:

"პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და არ შეიძლება, ჩვენ შორის მსგავსი რამე მოხდეს. ეს არ უნდა დავუშვათ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე".

დაპირისპირება პანკისი ხეობაში

21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა მდინარე ალაზანზე მშენებარე ჰესზე ტექნიკის შესვლა გააპროტესტეს, რასაც იქ მობილიზებულ პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, დილას სოფელში პოლიცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმები კი დაპირისპირების გამო დაამატეს.

ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობისა და ადგილორივების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცახდებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.

რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილას მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი მანამ არ აშენდება, სანამ მოსახლეობის 90%-ს არ ექნება ამის სურვილი.

მთავრობის ადმინისტრაციამ დაპირისპირების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჰესების სარგებლიანობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, საჭირო იყო ამ ინფორმაციის ადგილობრივებისთვის მიწოდება.