მარველის კინოსამყარომ მსოფლიო შტურმით აიღო. აბა სხვა რა უნდა დავარქვათ იმას, რომ Endgame-მა პირველივე ვიქენდზე $1.2 მილიარდი გამოიმუშავა (შედარებისთვის, ეს $100 მილიონით მეტია, ვიდრე Infinity War-ის შემოსავალი ამავე პერიოდში)

რა თქმა უნდა, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა შურისმაძიებლები და მსახიობები, რომლებიც მათ ასახიერებენ. The Hollywood Reporter-მა მათი ანაზღაურება გაგვიმხილა.

სკარლეტ იოჰანსონი

ფოტო: Marvel

სკარლეტ იოჰანსონი მარველის სამყაროს 2010 წელს, Iron Man 2-ის გამოსვლის წელს შეუერთდა. მას შემდეგ შავი ქვრივი სუპერგმირების სამყაროს განუყოფელი ნაწილია. 2020 წელს ამ პერსონაჟის შესახებ შექმნილი სოლო ფილმიც გამოვა და, ყველა ლოგიკით, ის Endgame-ის პრიქველი იქნება.

იოჰანსონს ფილმში $20 მილიონს უხდიან, რაშიც მისი, როგორც პროდიუსერის ანაზღაურებაც შედის.

მარველმა ბოლო ორი ფილმისთვის სცენარისტებისთვის, რეჟისორებისთვის, პროდიუსერებისა და მნიშვნელოვანი მსახიობებისთვის $400 მილიონი გამოყო. სავარაუდოდ, ამ თანხიდან მსუყე ნაწილი სწორედ 34 წლის ლამაზმანს ერგო.

კრის ჰემსვორთი

ფოტო: Marvel

თორის როლის შემსრულებელმა მარველთან 2010 წელს ხუთწლიანი კონტრაქტი დადო, მოგვიანებით კი პირობებს გადახედა. არსებობს მოლოდინი, რომ ჰემსვორთი Guardians of the Galaxy-ის მესამე ფილმშიც გამოჩნდება. გარდა ამისა, Thor: Ragnarok-ის რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ ელვის ღმერთზე კიდევ ერთი სოლო-ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ჰემსვორთი მარველის კინოსამყაროდან წასვლას არსად აპირებს.

შურისმაძიებლების ბოლო ორი ფილმის შემთხვევაში მსახიობის ანაზღაურება $15 მილიონიდან $20 მილიონამდე მერყეობდა.

კრის ევანსი

ფოტო: Marvel

კრის ევანსმა ხმამაღლა განაცხადა, რომ კაპიტან ამერიკას როლის შესრულება აღარ სურს. შესაძლოა, მარველმა მისი გადარწმუნება 2028 წლისთვის, მარველის კინოსამყაროს 20 წლის იუბილისთვის შეძლოს, თუმცა ჯერჯერობით ევანსის მოღვაწეობა შურისმაძიებლის ამპლუაში დასრულებულია.

როლის მობეზრებას მსახიობის ანაზღაურებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რადგან ევანსი ფილმში $15-20 მილიონს იღებდა.

რობერტ დაუნი უმცროსი

რკინის კაცის გარეშე მარველის კინოსამყარო უსახური იქნებოდა და ეს მისი როლის შემსრულებელმა მსახიობმაც იცის.

რობერტ დაუნი უმცროსმა Spider-Man: Homecoming-ში თითო გადასაღები დღისთვის $5 მილიონი აიღო. 2018 წლის Infinity War-ში მისი ანაზღაურება $75 მილიონს შეადგენდა. Endgame-ის შემთხვევაში კი ჰონორარი ამაზე მეტი უნდა ყოფილიყო.

ამდენი, ალბათ, უსასრულობის ქვებიც არ ღირს...