მოძრაობა დავითიანნი, რომელიც 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღეს" დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია, ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის. მოძრაობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც შეთანხმება ბოლომდე არ ჰქონდათ დასრულებული.

"სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა. შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი. მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით", — ნათქვამია დავითიანნის განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

წელს ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან გალა კონცერტი. ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კონცერტზე არ იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი შვიდკაცა. რაც შეეხება ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, მათი ინფორმაციით, კონცერტზე სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ.