ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ გიორგი გახარიას ეროვნული უსაფრთხოების მდივნად დანიშვნა რუსეთის მოთხოვნა იქნებოდა და მისივე თქმით, იგი კიდევ ცოტა ხანს დარჩება ამ თანამდებობაზე. ამის შესახებ მან TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაუბრა. TV პირველის ინფორმაციით, ქორეპისკოპოსმა ამ განცხადების გასავრცელებლად ტელეკომპანიას თავად მიმართა:

"რატომ დანიშნეს და ეტყობა პუტინმა სთხოვა ან მოსთხოვა… რასაც ეგ აშავებს, ამდენ ხანს როგორ არის არ გიკვირთ?! ცოტა ხანი, ალბათ რამდენიმე დღე შემორჩება [ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში], მერე ვნახოთ".

29 დეკემბერს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ღიად დაუპირისპირდა. TV პირველთან ინტერვიუში მეუფე ამბობდა, რომ გახარია "ცუდ რამეებს" აკეთებდა, რისი გამოაშკარავების შემთხვევაშიც მას "ხელმძღვანელობა მოიშორებს". მისივე თქმით, შს მინისტრს პრემიერობის უფლებას არ მისცემდა. ამის მიზეზად ის პირად უთანხმოებას ასახელებდა.

2 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეუფე იაკობმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან "კარგი ურთიერთობა" აქვს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეასრულებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.