გუშინ გამართულ კონფერენციაზე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ფეისბუქის გაცნობის სერვისი კიდევ 14 ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი, პირველად ფეისბუქის ახალი სერვისის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შევიტყვეთ.

2019 წლის ბოლომდე სერვისი აშშ-შიც გააქტიურდება.

საინტერესო ისაა, რომ ქვეყნების არეალის გაფართოებასთან ერთად სერვისს ახალი, საინტერესო ფუნქცია ემატება.

ამ დრომდე ფეისბუქის გაცნობის სერვისი მხოლოდ იმ ადამიანებზე მოქმედებდა, რომლებიც მომხმარებელს დამეგობრებული არ ჰყავდა.

ახალი ფუნქციით ფეისბუქზე ცხრა მეგობრის არჩევა იქნება შესაძლებელი, რომელზეც ქრაში გაქვთ. თუ მათ აღნიშნული სერვისი გააქტიურებული აქვთ, ისინი შეტყობინებას მიიღებენ იმის შესახებ, რომ რომელიღაც მეგობარს მათზე ქრაში აქვთ. ხოლო თუ ამ მეგობრის საიდუმლო სიაში თქვენ მოხვდებით, მაშინ თქვენი ვინაობები ერთმანეთისთვის ცნობილი ხდება.

ფოტო: Facebook

ეს ფუნქცია საკმაოდ გამოსადეგი შეიძლება იყოს. მაგალითად, მრავალ ჩვენგანს ფეისბუქზე უამრავი მეგობარი ჰყავს, თუმცა მათ დიდ ნაწილს ახლოს შეიძლება სულაც არ ვიცნობდეთ. დიდი შანსია, რომ მეგობრებში იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ჩვენთვის შესაფერისია. ახლა ფეისბუქი დაგვეხმარება გავარკვიოთ, არის თუ არა ჩვენი ქრაში ჩვენით დაინტერესებული, თანაც შეგვიძლია მათგან უარის აღარ შეგვეშინდეს, რადგანაც იმ სევდიან შემთხვევაში, როდესაც ეს გრძნობა ცალმხრივია, ქრაში ჩვენი გრძნობების შესახებ ვერაფერს გაიგებს.

ეს ფუნქცია პოტენციურად ბოროტი მიზნებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგალითად, შეიძლება ქრაშების სიაში მეგობრები მუდმივად ამატო, სანამ რომელიმე მათგანს არ გამოიჭერ. თუმცა, სწორედ ამიტომაა ქრაშების რაოდენობა შეზღუდული — ცხრა ქრაშის მოგროვების შემდეგ ამ სიიდან დღეში მხოლოდ ერთი ადამიანის ამოშლას შეძლებთ.

როდის გახდება აღნიშნული სერვისი საქართველოში ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით უცნობია.