HBO-ს პოპულარულ სერიალში ახალ მთავარ როლს მესამე სეზონში გავეცნობით, რომელსაც ფრანგი მსახიობი ვინსენტ კასელი განასახიერებს.

როგორც ცნობილია, სამეცნიერო ფანტასტიკაში კასელი უარყოფითი პერსონაჟის როლს მოირგებს და ახალი სეზონის სერიებში ის რეგულარულად გამოჩნდება.

"დიდი ხანია, რაც კასელის ფანები ვართ და გვიხარია, რომ ის Westworld-ის გუნდს უერთდება. მასთან მუშაობა უბრალოდ ამაღელვებელია", - თქვეს სერიალის შემქმნელებმა ჯონათან ნოლანმა და ლიზა ჯოიმ.

სერიალს მესამე სეზონს Breaking Bad-ის მსახიობი აარონ პოლიც ემატება. "ემოციური, საშიში, მღელვარე და პრინციპული", - ასე ახასიათებს ის თავის გმირს.

HBO-ს გადაწყვეტილებით, სუპერპოპულარული სერიალი ეთერში 2020 წლამდე არ გამოვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის მთავარი აქცენტის დათმობაა სამეფო კარის თამაშების ფინალსა და დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონზე.

გარდა ამისა, როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, Westworld-ის მესამე სეზონი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და მის გადასაღებად ძალიან დიდი დროა საჭირო.