ეროვნული უსაფრთხო საბჭოს პირველ სხდომაზე პანკისის საკითხი განიხილეს. საბჭოს მდივანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს, რომელსაც "აუცილებლად შეასრულებენ". მინისტრმა არ ისაუბრა იმაზე, თუ კონკრეტულად რა დავალებებზეა საუბარი და განმარტა, რომ პანკისის საკითხზე დეტალურად 2 მაისს პარლამენტში ისაუბრებს.

დღეს, 5 მაისს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის შემდგომ გახარიამ თქვა, რომ საბჭოს წევრებმა ტექნიკურ საკითხები განიხილეს. მან აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაშია ჩართული. გარდა ამისა, იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით პრემიერის სრული ინფორმირება უნდა უზრუნველყოს.

"მივიღეთ დავალებები პრემიერისგან. მე გავაცანი საბჭოს წევრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს პერიოდში საბჭოს ამოქმედება", — აღნიშნა გახარიამ.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმდა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროში, სტრატეგიულ დონეზე გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი შეიქმნა. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შექმნა.