ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან დავით გარეჯის მონსატრის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვრის დემარკაცია "მაქსიმალურად შესაძლებელ ვადებში" უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, დავით გარეჯი საქართველოს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა.

"მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისე ჩვენი ეკლესიის ინტერესები", — განაცხადა მან.

საზღვრების დემარკაციის საკითხზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის აქტიური განხილვაა საჭირო, მაგრამ არა "წინასწარი დათმობებით". "ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს", — თქვა პრეზიდენტმა.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის სამსახურმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეიზღუდა.