საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის მსგავსად ვაშინგტონში სპეციალური წარმომადგენლის განხილვა საჭიროა. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხმა მეორე ადგილზე არ გადაინაცვლოს:

"ამიტომ ვსაუბრობ ამდენს ჟენევაზე. ამის ტენდენცია არსებობდა და ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და სხვებსაც, რომ უკრაინა არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა საკითხმა გადაიწიოს უკანა პლანზე".

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატი უნდა დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს:

"ის იყო ბევრად მაღალი ფორმატი იგივე შემადგენლობით. რუსეთს არ ველაპარაკები ამ შემთხვევაში. ეს არის უფრო გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართულებით, რადგან არ შეიძლება პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ შევეგუეთ იმ მდგომარეობას, რომ ჟენევის ფორმატი თამაშობს რაღაც ფორმალურ როლს, რომ დროდადრო იკრიბება, იქ რაღაც ტექნიკური საკითხები იხილება და ამით მთავრდება. უნდა იგრძნოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა, რომ ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი. ეს არის გზავნილი. ეს არა მხოლოდ ჟენევის ფორმატს ეხება, არამედ ორმხრივ ფორმატებსაც. თუ თვლი თავს, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უნდა დააყენო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყოველივე ორმხრივ ფორმატში, როცა რუსეთთან გაქვს საუბარი, რომ გაუხსენო რუსეთს ის, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, რომ ეს არის დარღვევა საერთაშორისო პრინციპების".