ბათუმში ელექტრომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. მათი თქმით, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი რეგულაცია, რომლითაც ბულვარში ელექტრომობილების მოძრაობა აიკრძალა სწორედ დღეს, პირველ მაისს შევიდა ძალაში.

როგორც On.ge-ს ელექტრომობილის მძღოლმა, ჯემალ სურმანიძემ განუცხადა ისინი დათანხმდნენ შეთავაზებას იმის შესახებ, რომ ახალ ბულვარში იმოძრაონ. თავის მხრივ მთავრობა დათანხმდა იმას, რომ მათთვის ტერიტორია გამოეყო, რადგან ახალი რეგულაციით ელექტრომობილებით მოძრაობა ქალაქის ყველა სკვერსა და პარკში იყო აკრძალული. სურმანიძის თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორია ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და საერთო ჯამში მათ 9 კილომეტრი სივრცე გამოსდით სამუშაოდ, რაც მისაღები პირობაა.

მძღოლებმა პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების მოძრაობა აიკრძალება. გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო. იდეა საინიციატივო ჯგუფ ბათუმის ბულვარს ეკუთვნის და მოტივად უსაფრთხო გადაადგილება და ტურისტებისთვის რეკრეაციულ ზონაში უსაფრთხო გარემოს შექმნა დასახელდა.

აქამდე ელექტრომობილების მძღოლებმა აქციები თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან და ბათუმის ბულვარში გამართეს. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მათ შიმშილობაც კი დაიწყეს.