საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე თქვა, რომ ამ საკითხის აქტიური განხილვაა საჭირო, მაგრამ არა "წინასწარი დათმობებით". ამის შესახებ პრეზიდენტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს", — თქვა პრეზიდენტმა და ისაუბრა ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში ბოლო ვიზიტის დეტალებზე:

"მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის".

კითხვაზე, თუ საზღვარი სად უნდა გავიდეს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს ამ თემაზე "ძალიან მკაფიო" პოზიცია აქვს:

"ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მე არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ... არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 38 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილია ჩვენი მეგობრებისთვის".

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის სამსახურმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეიზღუდა.